ჩვენს გამოფენაზე წარმოდგენილ ერთ-ერთ ნამუშევარს განსაკუთრებით შთამბეჭდავი და ემოციური ისტორია აქვს.
ეს არის სტუდია-სახელოსნო „ART room“-ის ერთ-ერთი მოსწავლის, ნინო კონცელიძის ნამუშევარი, რომელმაც თავისი ტილო გარდაცვლილი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა.
ნინოსთვის ეს სურათი მხოლოდ მხატვრული ნამუშევარი არ არის - იგი სიყვარულის, პატივისცემისა და მადლიერების გამოხატულებაა იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც არაერთი თაობის ცხოვრებაში განსაკუთრებული კვალი დატოვა.
„სკოლის დასრულების შემდეგ ექსკურსიაზე სნოში წავედით და პატრიარქის მშობლიური სახლი მოვინახულეთ. იქ დავინახე ერთი სურათი, რომელიც ძალიან მომეწონა და გულში ჩამრჩა…როდესაც სახლში დავბრუნდი, სულ ის სურათი მახსენდებოდა… მაშინ გადავწყვიტე, ჩემი ემოცია და მოგონება ტილოზე გადამეტანა და ასე შეიქმნა ეს ნახატი, რომელსაც „იასამნები“ დავარქვი.“
ალბათ, სწორედ ეს არის ხელოვნების ყველაზე დიდი ძალა - ის, რაც ერთხელ გულში ღრმად დაგამახსოვრდა, ემოციად და მოგონებად შეინახო და შემდეგ შენი ნამუშევრით სხვებისთვისაც მოსაყოლ და გასაზიარებელ ამბად აქციო.