ქობულეთის ისტორია

   

      ქობულეთის „ქვეყანა“ როგორც კოლხური სამყაროს ორგანული ნაწილი,  სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს ზღვისპირეთის ერთ–ერთ წამყვანი რეგიონთაგანია. ქობულეთელთა წინაპარი ჯერ კიდევ ქვის ხანაში  დასახლებულა და გეგმაზომიერად აუთვისებია თვალმარგალიტად განფენილი ღვთიური ბუნება.მემატიანე  აქ, ადამიანის მიღწევებისა და გამოგონებების,  კულტურისა და განვითარების  შესახებ,  მსოფლიო მნიშვნელობის მატერიალური კულტურის ძეგლებით გვესაუბრება.

     დასავლეთ საქართველოში, თუ რომელიმე მუნიციპალიტეტი გამორჩეულია  ტრადიციებით, ბუნების წიაღში განგების ნებით შექმნილი სიწმინდეებით, მათ შორისაა ქობულეთი მისი ისტორიული ხეობებით. ეს ღვთიური მდებარეობა  დღეისათვის ოთხ უმსხვილეს  ისტორიულ–ტურისტულ გეოგრაფიულ რაიონადაა დაყოფილი.

  1. 1.მდინარე ჩოლოქისა და მდინარე აჭყვას  ისტორიულ–ტურისტული  გეოგრაფიული რაიონი;
  2. 2.მდინარე კინტრიშის    ისტორიულ–ტურისტული  გეოგრაფიული რაიონი;
  3. 3.მდინარე კინკიშასა და მდინარე დეხვას  ისტორიულ–ტურისტული  გეოგრაფიული რაიონი;
  4. 4.მდინარე ჩაქვისწყლის  ისტორიულ–ტურისტული  გეოგრაფიული რაიონი;

 

     ამ ისტორიულ–ტურისტული რაიონების დაწინაურებასა და ინფრასტრუქტურის განვითარებას, ციხეები, ეკლესია–მონასტრები და  უნიკალური თაღოვანი ხიდები მეტყველებენ. ვაკე–ფერდობებზე საგულდაგულოდაა მოშენებული ისტორიული სოფლები. სადაც უხვადაა  შემონახული  საქართველოს ოქროს ხანის ძეგლები. სულიერებისა და კულტურის აღორძინებას უკავშირდება ერთ–ერთი, უდიდესი, შუასაუკუნეების ხინოს ეპარქიის  ჩამოყალიბება! თანამედროვე  ხინო, ერთ–ერთი საუკეთესო მთაა რეგიონში, მისი პერსპექტივა როგორც ზაფხულის ასევე ზამთრის ტურისტული ცენტრების მოსაშენებლად ნამდვილი ყამირია! შემთხვევით როდი იყო ცნობილი აბრეშუმის საქარავნო გზის ერთი დიდი მიმართულება სწორედ აქ რომ გადიოდა.  იგი სამხრეთ დასავლეთ საქართველოს ერთ–ერთი  მსხვილი სამხედრო–პოლიტიკური ცენტრი გახლდათ, დღეს აქ რუდუნებითა და სამშობლოს სიყვარულით წინაპართა საძვალეების გასაფრთხილებლად ათეულობით ოჯახმა იწყო მოშენება –აღორძინება ფუძისა!

    ხინოწმინდელი ეპისკოპოსის სამწყსო მდინარე ჭოროხამდე ვრცელდებოდა. ასეთ დიდ გავლენას და კულტურულ დაწინაურებას უკავშირდება ხინოს საეპისკოპოსოში საგანმანათლებლო კერების მომრავლება, მეურნეობის განვითარება. მეფუტკრეობა და მეღვინეობა წამყვანი დარგები გახლდათ, რასაც ვახუშტი ბატონიშვილი ასე აგვიღწერს: „ხეობა ხინოსი არს ვენახ–ხილიანი და მოსავლიანი. აქა ხინოს არს ეკლესია გუმბათიანი, კეთილ–დიდშენი, კარგს ადგილს. ზის ეპისკოპოზი, მწყემსი ხინოს წყლის სამხრეთისა ჭოროხამდე“. აქაური უნიკალური ხის მასალა დღემდე იქცევს ყურადღებას. უხვი წყაროები, ვაკე–სამოსახლოები მჭიდო დასახლების მომრავლებას უწყობდა ხელს. დღეისათვის აქ სამიათას კომლზე მეტი მოსახლეა.

       ცხემვანში ახლად მოშენებული სავანე – წმ.გიორგის დედათა მონასტერი ხეობის რელიგიური და პოლიტიკური სიძლიერის გამოხატულებაა. ქართული საქმე, აქა არასდროს გაჩერებულა.

  კინტრიშის ხეობაა –  სადაც წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოწოდება პირველებმა აიტაცეს. მე–20 საუკუნის დასაწყისში 1912 წელს სოფელ ქობულეთში გუგუნავების ოჯახში იწყებს ფუნქციონირებას დაწყებითი სკოლა, ხოლო 1915 წელს სოფელ ხუცუბანში, კაიკაციშვილების, ბეჟანიძეების, თამაზაშვილების, ჯაფარიძეების, დუმბაძეების და სხვა მრავალთა უშუალო ძალისხმევით ქართული სკოლა გაიხსნა. 1920 წელს დამოუკიდებელი საქართველოს ორიწლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო  ღონისძიედაზე სოფელ ხუცუბანს საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია სტუმრობდა.

   კინტრიშის ხეობაში,  სოფელ ქობულეთში  შემოინახეს ქართული ფოლკლორის მარგალიტები  –  ცნობილი ნადური სიმღერები:  „ელესა“, „ქალი ვიყავ აზნაური“, „ვაი თუ მუხა წოწინაო“, „შაშვი შავი ჩივოდაო“, „ავთანდილ გადინადირა“ და სხვ. მე–20 საუკუნის 50–იან წწ  ინაიშვილებმა, ვერულიძეებმა, გუნთაიშვილებმა  და სხვა მრავალმა, ამ ხეობაში სათუთად შემონახული საგანძური სოფლის მკვიდრის ასლან ინაიშვილის  მეცადინეობით შეიკრიბა და წიგნად გამოიცა. 

    სოფელ ქობულეთშივე იყო განთავსებული მთლიანად ქობულეთის მმართველების, თავდგირიძეთა  ციხე–რეზიდენცია. გურიელებთან ნათესაური ხაზი თავდგირიძეებს ქობულეთის საზოგადოებრივ–პოლიტიკური დაწინაურების ყველა პირობას უქმნიდა.  ალიფაშა თავდგირიძემ ოსმალთა იმპერიის ლაზისტანის სანჯაყბეგობასაც მიაღწია. ერთიანი საქართველოს  იდეის ირგვლივ გაერთიანებულ  ქობულეთელთა  პასუხი იყო, ფოლკლორში ასახული სიმღერების დაბადება „ ალიფაშამ გვიღალატა“ და „ ხასანბეგურა“.

 მე–18 მე–19 სს მიჯნის ძეგლია სოფელ ქობულეთში მეგრელიძეების ოჯახში შემონახული ე.წ. „დედაბრული“ ხელით შესრულებული ლოცვებისა და შელოცვების  ხელნაწერი წიგნი.

W 3W 4  W 1W 1W 2

 
Copyright © 2019 ქობულეთის მუზეუმი. All Rights Reserved.
Joomla! is Free Software released under the GNU/GPL License.